რომან კაკულია: ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც არსებულ ტენდენციებში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ

„ეკონომიკის ამუშავება და ყველა ეკონომიკური აქტორისთვის უფლების მიცემა, რომ გააგრძელოს საქმიანობა, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება პროდუქციისა თუ მომსახურების იგივე სტანდარტს, რაც მას ვირუსამდე ჰქონდა”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი მოსაზრებით, საჭიროა გონივრული მოქმედება. მისივე თქმით, არ უნდა შეიქმნას მოლოდინები, რომ მხოლოდ ეკონომიკის გახსნა იქნება საშველი, რადგან გარკვეულ ბიზნესებს უკვე აქვთ და მომავალშიც ექნებათ მოთხოვნილების შემცირება.

„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ მოცემულობებს, როდესაც უნდა დავაფიქსიროთ, სად ვდგავართ ახლა და შემდეგ უნდა ვიფიქროთ, როგორ უზრუნველვყოთ თანდათანობითი განვითარება. ამიტომ ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილება და შემდგომი დაგეგმილი გადაწყვეტილებები ემსახურება იმის განსაზღვრას, თუ რა არის დე-ფაქტო რეალური სიტუაცია იმ ბიზნესების, რომელიც არიან შენარჩუნებული იმ დახმარებების ფონზე, რაც სახელმწიფომ დაგეგმა”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

მისი ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომისტები საუბრობენ იმაზე, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელსაც გლობალური მიწოდების ჯაჭვი ჰქვია, ცვლილებებს განიცდის.

„ამ ცვლილებების შინაარსი ის არის, რომ საზღვრებს ჰქონია თავისი აზრი, რაც არ უნდა ღია და გახსნილი იყოს ბაზრები. მოთხოვნის შენელება ნიშნავს იმას, რომ რა სერვისებსა და პროდუქციაზე იქნება მოთხოვნილებები მომავალ მსოფლიოში, ეს ახლა ჩამოყალიბების სტადიაშია. ამიტომ როცა საუბრობ, რას აქვს პერსპექტივა შენს ქვეყანაში, ცხადია, მხოლოდ საკუთარ ბაზარზე არ ხარ ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, გვინდოდა გვქონოდა სერვისები და ბიზნესები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებოდნენ. მოთხოვნილების მკაფიოდ არარსებობა დღეს ქმნის გაურკვევლობას. აქ პაუზა არის დანახვის აუცილებლობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსოფლიო, რა დონეზე გაიხსნებიან, რა დონეზე მიიღებენ ჩაკეტვის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ტენდებციას ქმნის, როგორც აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ა. შ. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც არსებულ ტენდენციებში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ და სწორი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები