“არ არსებობს საჭიროება, დაიხუროს უკვე გახსნილი, ღია აგრარული ბაზრები” – რა ვითარებაა სამეგრელოში მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე თითქმის ორკვირიანი მკაცრი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და აგრაგულ ბაზრობებზე ხალხმრავლობაა. მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთვსებულ ბლოკპოსტებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება, ხოლო ქალაქში შემავალ მანქანებს დეზინფექცია უტარდებათ.

შეზღუდვები მოიხსნა ღია აგრარულ ბაზრებზეც. როგორც „რეგიონულ კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, მალხაზ თორიამ განუცხადა, რეგიონში არსებულ ბაზრებში ვითარებასა და მოქალაქეების ნაკადს პოლიცია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები მკაცრად აკონტროლებენ.
“არსებული შეზღუდვების მოხსნამ რეგიონის ქალაქებში მანქანების სიმრავლე გამოიწვია. აღნიშული გამოწვეულია იმ ვითარებიდან, რომ მოქალაქეებს სურვილი აქვთ, შეიძინონ სასურსათო პროდუქცია მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებში. სამართალდამცველების, მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეების მიერ მკაცრად კონტროლდება აგრარულ ბაზრებში არსებული სიტუაცია. ჯერჯერობით, ზუგდიდისა და რეგიონის სხვა აგრარული ბაზრები დახურვის საფრთხის წინაშე არ დგას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. აღნიშულიდან გამომდინარე, ამ მომემტისთვის, არ არსებობს საჭიროება დაიხუროს უკვე გახსნილი, ღია აგრარული ბაზრები”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
როგორც ვიცეგუბერნატორმა განმარტა, რეგიონში ერთადერთი დახურული – სენაკის აგრარული ბაზარი მას შემდეგ გაიხსება, რაც საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია, რომ ბაზარი კანონით დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს მოიხსნა. ნებადართულია, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია ტიპის აგრარული ბაზრებზე საქმიანობა, მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება საღამოს 21:00 საათამდე შეუზღუდავად შეუძლიათ, რაც შეეხება სრულ კარანტინს – იგი, მთვარობის გადაწყვეტილებით, 22 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები