ყინწვისის მონასტერში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე მოძღვარი დააკავეს

ქარელში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული სასულიერი პირია.

საქმე  ვნების კვირაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, ამავე ეპარქიაში შემავალი ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურს, მამა საბას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები