ნათია თურნავა: სოფლის მეურნეობის მიმართულება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსება ჩვენი პროგრამების პრიორიტეტი იქნება
“ფერმერული მეურნეობა, პირველადი სოფლის მეურნეობა იქნება ის დარგები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პრიორიტეტი იქნება, არამედ მსოფლიოში უახლოესი თვეებისა და წლების მანძილზე ძალიან მოთხოვნადი იქნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ “რუსთავი ორის” ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმითვე, სოფლის მეურნეობის მიმართულება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსება პროგრამების პრიორიტეტი იქნება.
“სერიოზული პრობლემა, რომელიც ახლა წარმოექმნა ბიზნესსა და, მათ შორის, მცირე ბიზნესს განსაკუთრებით, ეს არის ფინანსების ხელმიუწვდომლობა ბანკებიდან. ბანკებს გაეზარდათ რისკები და შემცირდა შემოსავლები ბიზნესში. იმისთვის, რომ ბანკებსა და მცირე ბიზნესს შორის ხიდის ფუნქცია შესრულდეს, ბანკებს სჭირდებათ დამატებით დაფინანსება. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ეს დაფინანსება, ნაწილობრივ, მიდის ბანკებში, ხოლო 600 მილიონი ლარი, ეს არის ის გრძელვადიანი ლარის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო მიაწვდის კომერციულ ბანკებს იმისთვის, რომ ეს თანხა ბანკების გავლით ჩაბრუნდეს უკან კერძო სექტორში.
სოფლის მეურნეობის მიმართულება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსება იქნება პრიორიტეტი ჩვენი პროგრამებისა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც აქვს აგროკრედიტის განახლებული პროგრამა და ჩვენც “აწარმოე საქართველოში” გვაქვს განახლებული პროგრამა. სოფლის მეურნეობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობითი რესურსი წავა, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ეს კრიზისამდე იყო დაგეგმილი. რაც შეეხება იმ 600 მილიონი ლარის გრძელვადიან რესურსს – ჩვენი საბანკო სექტორი არის ძალიან გამართული, არის ლიდერი ძალიან ბევრი საერთაშორისო რეიტინგისა, აქვს კარგი კომპეტენცია და ისინი ამას, საჭიროებისდა მიხედვით, იმ დარგებში გადაანაწილებენ, სადაც შეიქმნა განსაკუთრებული პრობლემა, მათ შორის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. სახელმწიფო აძლევს იმის საშუალებას ბანკებს, რომ გაწიოს ეს რისკები და მიაშველონ რესურსი ბიზნესს.
ფერმერული მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებასთან დაკავშირებული მეურნეობა, პირველადი სოფლის მეურნეობა იქნება ის დარგები, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი პრიორიტეტი იქნება, არამედ მსოფლიოში უახლოესი თვეები და წლები იქნება ძალიან მოთხოვნადი. რადგან ქვეყნები, ამ პოსტკორონა პერიოდში, სულ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ სასურსათო რესურსის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე. საქართველო არ არის გამონაკლისი. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, სადაც მთავრობამ ამ თემაზე საუბარი დაიწყო. უკვე 2 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ საუბარი და გარკვეული ქმედებები მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი საკუთარი სასოფლო სამეურნეო რესურსი და აგრარული ბიზნესი წინა პლანზე წამოვწიოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.