მარინა ეზუგბაია: ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ, თითქოს, სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა

“ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ, თითქოს, სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის – იმიტომ, რომ გაყალბება ვერაფრით  შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია “კოვიდ დაავადებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატური იყო.

“მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ თუ ქვეყანას არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება ამ მოცემულობაში გავაკეთე და ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, რომ პირველი შემთხვევა, რასაც ჰქვია “იმპორტირებული”, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად პირველ თებერვალს მოვიდნენ, ანუ პირველ თებერვლიდან დღემდე ჩვენ ყველანი თითქმის ერთად ვართ. პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო ანუ მთავრობა, ჯანდაცვის სამსახური თავისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც შეკავების პერიოდი ერქვა – არაჩვეულებრივად, შესაშური შედეგებით დამთავრდა. სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ დაბალი იყო. რატომღაც, ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ თითქოს ეს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ გაყალბება ვერაფრით  შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია “კოვიდ დაავადებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატებ”ა და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს, სხვა ქვეყნებს და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როდესაც შიდა გავრცელება დაგვეწყო, ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ყველა ჯერზე სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა აბსოლუტურად სწორი იყო და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად, თანაბარზომიერად მიყვებოდა ამ სიტუაციას. გავრცელების პერიოდიც საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები და მონაცემები არის დამალული. არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ,  მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ. მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირება და აგრესიული ტესტირება სხვადასხვა რამეა. სიტყვა “აგრესიული” არ მიყვარს არანაირ მიმართებით, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი-აგრესიული ტესტირება ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს, რომ ასეთ დროს მარტო 25 იქნება მხოლოდ დადასტურებული ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე”, – განმარტა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები