ანდრია გვიდიანი: უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენს საამაყო ექიმებზე

„ადამიანმა ყველაფერი რომ არ უნდა იკადროს, ალბათ მარტივი ჭეშმარიტებაა. თუმცა, არა “ნაციონალური მოძრაობის” და მათი PR სამსახურის – ე.წ. “მთავარი არხისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.

მისი თქმით, უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს, ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და საამაყო ექიმებზე არაერთი იერიში მიიტანეს.

„პაატა იმნაძის ბრიფინგს ვუყურე და ყველას ნაცვლად მე შემრცხვა. ეს ხალხი ისეთ დღეში მოაქციეს, კაცს ბოდიშების მოხდა უწევს, რომ საქართველოში 20-30 შემთხვევა ფიქსირდება და არა 200 და 300. ბოდიშებს იხდიან იმის გამო, რომ მხოლოდ 6 გარდაცვლილი გვყავს და არა 600. როდესაც საღი აზრი საერთოდ აღარ გაგაჩნია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად გაბრმავებს, ტელევიზორთან წამოწოლილი ე.წ. პოლიტიკოსებისთვის ალბათ ძალიან მარტივია ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების კრიტიკა”, – აღნიშნავს გვიდიანი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” PR სტრატეგიამ ყველა მიმართულებით წააგო.

„რამოდენიმეჯერ ვთქვი, რომ მათმა PR სტრატეგიამ ყველა მიმართულებით წააგო. უამრავ შემთხვევაში უსაფუძვლო და უსაგნო კრიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და საზოგადოება ვერაფრით აიყოლიეს. ბოლოს დარჩა ავტორიტეტებზე შეტევის ტაქტიკა და არაერთი იერიში მიიტანეს ჩვენ საამაყო ექიმებზე. ეს მავნებლური, მოღალატეობრივი და კონტრპროდუქტიული ქმედებები უკვალოდ არ ქრება. ხალხი ყველაფერს ხედავს და არავის არაფერი ავიწყდება. დღეს ისეთი რთული ვითარებაა, ამ პერიოდში გადადგმული ყველა ნაბიჯისთვის, ყველა განცხადებისთვის, უაზრო ბაქი-ბუქისთვის და პოლიტიკოსობანას თამაშისთვის ყველას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს”, – წერს ანდრია გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები