დუშეთში მცხოვრებ 500 ოჯახს კომპანია „რედკოს“ დახმარებით სასურსათო კალათა გადაეცა

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სოციალური აქტივობები პერმანენტულად გრძელდება.
ამჯერად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „რედკოს“ თანადგომით, სასურსათო პაკეტს გადასცემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს. სურსათის გადაცემის პროცესში თვითმმართველობის და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საკვები პროდუქტები ბინაზე მიუტანეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის კომპანია „რედკოს“ მოქალაქეთა დახმარებისა და თანამშრომლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება. გასულ კვირას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით არამალფუჭებადი პროდუქტების პაკეტი გადაეცა 1000 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, 1 თვის სასურსათო მარაგი დაურიგდა ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს, სასურსათო პაკეტები გადაეცა შატილისა და არხოტის ხეობებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები