დავით ჭიჭინაძე: ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით
„ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ფულის დარიგება კი, ეს არ არის ეკონომიკა და კრიზისის დაძლევა. მით უმეტეს, რომ ამ გეგმას ნაფიქრალის არაფერი ეტყობა, ეს არის სუფთა ბუღალტერია”, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.
“ანუ რისკენ არის ეს ნაბიჯები მიმართული, ეს აკლია ამ გეგმას. ჩვენ არ ვართ ამერიკა, ვბეჭდოთ დოლარი და ვყაროთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო გარკვეული გზავნილია წინასაარჩევნოდ. მით უმეტეს, 200-200 ლარს რომ ურიგებენ ხალხს ახლა, სექტემბერსა და ოქტომბერში, მეტს კი არ ურიგებენ საარჩევნო აგიტატორებს – 150 ლარია აგიტატორის ხელფასი. მუდმივად ჟღერდებოდა, რომ აპირებენ თავისი მილიარდის დახარჯვას,და აგერ, ბიუჯეტით დაიწყეს მათი გახარჯვა.
თუმცა, სანამ ამ რეალობიდან არ გამოვალთ, სანამ არ დავინახავთ, რა რეალობაში ვიმყოფებით, არც არჩევნების ჩატარებას აქვს აზრი. შესაბამისად დიდია არჩევნების ვერ ჩატარების ალბათობა.
რადგან არ შეიძლება ჩაატარო არჩევნები მარტო იმიტომ, რომ ორ თვეში ისევ კრიზისი შეგექმნას. არჩვენების ჩატარების თარიღიც ხელისუფლების ხელშია – როცა უნდათ, გადაწევენ, როცა უნდათ – გადმოწევენ.
თუმცა, ოქტომბერი, ნოემბრის დასაწყისი ყველაზე კატასტროფული პერიოდი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, არა მარტო ჩვენთვის, მსოფლიოს მასშტაბით. სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით. ის ხალხი, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ უფლებას მისცემენ და რაღაცას რომ გააკეთებენ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, ეს ილუზია 2-3 თვეში გაივლის. იმიტომ რომ, ისინი ბანკების წინააღმდეგ პირისპირ დარჩებიან, რაც გარდაუვალ გაკოტრებას ნიშნავს ”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.