26 აპრილს მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე აღინიშნება

26 აპრილს მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 2020 წლის თემად „ინოვაციები მწვანე მომავლისთვის“ დასახელდა, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტიც უერთდება.

საქპატენტის ცნობით, ეკოლოგიური მდგომარეობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც ადამიანების ერთობლივი ძალისხმევისა და ტექნოლოგიური განვითარების გარეშე, ვერ მოგვარდება. სწორედ ამიტომ, ინოვაციები მწვანე მომავლისთვის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამომგონებლების საქმიანობის პოპულარიზება და ჯეროვნად აღიარებაა.

,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებასა და ხელოვნებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. ის ვრცელდება როგორც შემოქმედებით, ისე საგამომგონებლო საქმიანობებზე და დაცულია კანონმდებლობით. ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი გონით ქმნის, წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მისი დაცვა აუცილებელია. შესაბამისად, ამ ტიპის უფლებების მნიშვნელობა საზოგადოებამ კარ​გად უნდა გაიაზროს.

ინტელექტუალური საკუთრება ინოვაციების განვითარებაში კატალიზატორის როლს ასრულებს, რადგან ის იცავს შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფს და ხელს უწყობს გამომგონებლებს საკუთარი ინოვაციების განვითარებაში. ის აძლევს საშუალებას ინოვატორებს დაიცვან მათი შემოქმედების ნაყოფი და განაგრძონ მის გაუმჯობესებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებაზე მუშაობა და სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას. დღეს უკვე ცვლილებებისა და ინოვაციური მიდგომების დროა. მომავალი მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიურად უვნებელი ინოვაციებისაა, რომლის დაცვის გარანტიაც ინტელექტუალური საკუთრებაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები