ირაკლი კობახიძე: ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია შევახსენოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს უკრაინელმა მეგობრებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უკრაინის ინტერესებს და უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ვიხედებით წინ და ჩვენს მეგობრებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლებას მკაფიო დამოკიდებულება აქვს და ახლა მთავარია თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი.

„რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას – სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში ვერავითარ სიკეთეს ვერ მოიტანს ასეთი ფაქტი და ამის გაკვეთილი ჩვენ, ქართველმა ხალხმა, მივიღეთ ჩვენს ქვეყანაში. ამის გაკვეთილი უკვე უკრაინამაც მიიღო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს გაკვეთილი არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისათვის რომ მეორედ არ მიეღოთ ასეთ გადაწყვეტილება. ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია შევახსენოთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, თუ რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს უკრაინისთვის. ჩვენ შევახსენებთ და შევახსენეთ უკვე ჩვენ უკრაინელ მეგობრებს თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ, დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით და დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. მეც პირადად მქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, მე ურთიერთობა მაქვს იმ დეპუტატებთან, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეაში არიან წარმოდგენილნი და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მას და მის კოლეგებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ჰქონდათ უკრაინელ კოლეგებთან, თუმცა სააკაშვილის თემა აქტუალური არ იყო.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ სარგებლობდა ეს საკითხი აქტუალურობით, ჩვენ ვნახეთ არჩევნების შედეგები, სადაც სააკაშვილმა მიიღო 0.4%. აქედან გამომდინარე ცოტა რთული წარმოსადგენი იყო რა თქმა უნდა, ის რომ სააკაშვილის ფაქტორი კიდევ ერთხელ შეიძენდა აქტუალურობას, თუმცა როგორც ჩანს არის გარკვეული დინებები, რამაც გამოიწვია ამ საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს უკრაინელმა მეგობრებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უკრაინის ინტერესებს და უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ვიხედებით წინ და გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ მეგობრებთან.

ეს არის ერთგვარი მეგობრობის ტესტი და ამ მეგობრობაში არ იგულისხმება ხალხებს და ქვეყნებს შორის მეგობრობა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. აქ საუბარია ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, აქედან გამომდინარე, ეს არის ხელისუფლების მეგობრობის ტესტი და ბუნებრივია ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს. თუ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, ბუნებრივია ეს ძალიან უარყოფითად აისახება ორ ხელისუფლებას შორის მეგობრობაზე. ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება! ძალიან მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილი არის ქართველი იანუკოვიჩი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო გადაწყვეტილება ვიქტორ იანუკოვიჩის საქართველოში რეფორმების და ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე პრემიერად დანიშვნის თაობაზე როგორი რეაქცია მოჰყვებოდა ამ საკითხს უკრაინის ხელისუფლებაში. ბუნებრივია, რეაქცია იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი და ასეთი ფაქტი აღქმული იქნებოდა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი უკრაინის მიმართ. იანუკოვიჩი არის ზუსტად იგივე უკრაინისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის, მათ შორის, ტერიტორიების დათმობის ნაწილშიც. სწორედ ჯერ სააკაშვილის ნაბიჯებს მოყვა რუსეთისთვის ტერიტორიების 20% დათმობა და ამის შემდეგ, ცოტა სხვა ფორმით, მის მაგალითს მიბაძა იანუკოვიჩმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები