დავით არახამია: ვერავინ გვიკარნახებს, ვინ დავნიშნოთ ვიცეპრემიერად, რატომ ნერვიულობენ საქართველოში
უკრაინის მმართველი ფრაქციის “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი, დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან, სულ მცირე ელჩის, გაწვევა მოხდება.
OBOZREVATEL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არახამიამ განაცხადა, რომ, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველო უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე – უკრაინა.
მისივე თქმით, სააკაშვილი კარგი ადამიანი და კანდიდატია.
“რატომ ნერვიულობენ ასე საქართველოში? შეიძლებოდა, უბრალო რეაგირება ჰქონოდათ. ვიღაცამ ვიღაცა აიყვანა არა პირველ, ან მეორე, არამედ ვიცეპრემიერად. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაურია, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე, მეზობელი პატარა ქვეყანა, ასე რეაგირებს”, – აღნიშნა არახამიამ.
მისი თქმით, “თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები გვექნება, საქართველოს უფრო მეტი ექნება. ისინი ხომ აშშ არ არიან, რომლებიც ამბობენ: “თქვენ დიპლომატიური პრობლემები გექნებათ”. ეს საქართველოა. არ უნდა დაივიწყონ”.
არახამიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ თავად ქართველია და კარგად ესმის და იცის, როგორია საქართველოს ამჟამინდელ მთავრობაში სააკაშვილისადმი დამოკიდებულება.
“ზეწოლის მცდელობაა. სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვერცერთი ქვეყანა გვიკარნახებს, ვინ დავნიშნოთ ვიცეპრემიერად. სრულიად არასწორი რიტორიკაა. ქართველებთან საერთო ენას ნამდვილად ვიპოვით, მოძმე ერი ვართ, კარგად გავუგებთ ერთმანეთს, სტუმართმოყვარე ქვეყანაა”, – თქვა დავიდ არახამიამ.
უკრაინის მმართველი გუნდის წევრმა ისიც თქვა, რომ კარანტინამდე უკრაინა ტურისტული ნაკადის მხრივ საქართველოში მეორე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ამ სეგმენტის დაკარგვა არ მოუნდება.