შოთა გულბანი: მაშინ, როცა რესურსები მკვეთრად შეზღუდულია, 200 -ლარიან 6-თვიან დახმარებაზე ღლიცინი ცოტა არაადეკვატურობა მგონია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, შოთა გულბანი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

„მაშინ, როცა რესურსები მკვეთრად შეზღუდულია და თითოეული ლარის გადადგილებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, 200 -ლარიან 6- თვიან დახმარებაზე ღლიცინი ცოტა არაადეკვატურობა მგონია.
ვინმემ თქვა, რომ 200 ლარით იგივე ცხოვრება ექნება ადამიანს, როგორც 1000 ან 1500 ლარის შემთხვევაში? ეს თქვა ვინმემ სადმე? მსოფლიო არის ისეთ კრიზისში, რაც აქამდე არ ჰქონია კაცობრიობას და გვიკვირს, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანასაც გაუჭრდებოდა? ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მინიმალური მხარდაჭერის პაკეტი, რომლითაც გადასახადების არარსებობის პირობებში ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აუცილებელი სურსათ-სანოვაგე შეიძინოს და რომელიც ვიმეორებ, მკვეთრად შეზღუდული რესურსების პირობებში მოხერხდა და დამტკიცდა. ამას წამოეშველება რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნაც და ეკონომიკის თანდათანობით ამუშავება. მაშინ ამერიკელებმა რაღა თქვან, იქაც 1200 დოლარს აძლევენ ერთჯერადად და ჩვენთან 6 თვეში 1200 ლარს, ბოლობოლო დოლარის მბეჭდავი ქვეყანაა, ჩვენ კიდე ვალად ვიღებთ ამ თანხას.
ერთი რამ უეჭველია, როგორი გეგმაც  უნდა წარედგინა მთავრობას, ამას უეჭველად მოჰყვებოდა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და, მათ შორის, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდანაც. ზომიერი კრიტიკა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროა, სხვაგვარად არც გამოვა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გეგმა ძალიან ოპტიმალურია. ვნახოთ, აბა, დარჩა სექტორი რასაც არ ეხება დახმარება?
– ბიზნესის საგადასახადო შეღავათები, ჯამურად, 370 მილიონამდე;
– უმუშევართა თვეში 200 -ლარიანი დახმარება, ჯამურად,  460 მილიონი;
– არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისთვის, ჯამურად, 75 მილიონი;
– სოციალურად დაუცველთა ყოველთვიური დახმარება 6 თვით, ჯამურად,  85 მილიონი;
– კომერიცული ბანკებისთვის დამატებით 600 მილიონის მიწოდება;
– ბიზნესის მხარდასაჭერად 500 მილიონი;
– დღგ-ს ავტომატური დაბრუნება 600 მილიონი;
– ჯამურად, მოქალაქეებისთვის დაიხარჯება 1 მილიარდ 35 მილიონი;
– ეკონომიკის მხარდასაჭერად 2 მილიარდ 110 მილიონი;
– ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად 350 მილიონი;
ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელიც გატარდა და რომელიც უნდა გაკეთდეს მომავალში კრიზისთან საბრძოლველად. უნდა მივეცეთ ამით კმაყოფილებას? ცხადია, არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც რეალობას არ უნდა მოვწყდეთ და ამ ერთი ბეწო ბიუჯეტისგან „ოქროს კოშკების“ აგება არა მგონია მთლად სწორი საქციელი იყოს“, – წერს გულბანი „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები