ჩეხეთმა საზღვრები გახსნა
“ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გასვლის უფლება მისცა, ასევე, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა მოხსნა, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოიტეხმა”, – წერს Prague Morning-ი
ამასთან, აღინიშნება, რომ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანას დატოვებენ და შემდგომ დაბრუნებას გადაწყვეტენ, კორონავირუსის უარყოფითი პასუხის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ ან ორკვირიან კარანტინში გადავიდნენ. იგივე წესები ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც ჩეხეთში შესვლის უფლება აქვთ.
გარდა ამისა, ჩეხეთმა მოხსნა აკრძალვა ორზე მეტი პირის შეკრების შესახებ, ამიერიდან ქვეყანაში 10-კაციანი ჯგუფის შეკრება იქნება შესაძლებელი.
27 აპრილიდან გაიხსნება სკოლები, ავტოსკოლები, ფიტნესცენტრები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები, ასევე, 2500 კვ/მ ფართობის მაღაზიები.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება პანდემიას ძალიან კარგად გაუმკლავდა.
ჩეხეთში საზღვრები 16 მარტს დაიხურა, ასევე, დაწესდა საერთო კარანტინი.
24 აპრილის მონაცემით, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 187 შემთხვევაა, 210 ადამიანი გარდაიცვალა, 2 100-ზე მეტი პირი განიკურნა.