შოთა რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება თავიდან ავიცილეთ
“დღეის მდგომარეობით, ქვემო ქართლში გამოჯანმრთელების 17 ფაქტი გვაქვს”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარნეულსა და რუსთავში რამდენიმე დღეა, ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა.
„ქვემო ქართლის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის 84 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლნისში არის 61 ფაქტი, მარნეულში რჩება 15, არ გაზრდილა დაინფიცირებულთა რაოდენობა რუსთავშიც. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ქვემო ქართლში, ჯამურად, 17 გამოჯანმრთელებული პირი გვყავს, მათ შორის არიან საკრებულოს დეპუტატის ოჯახის 6 წევრი. მინდა გითხრათ, რომ ბოლნისში მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკვლევა და მინიმალურია ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით ფართომასშტაბიან დაავადების გავრცელებას. გარკვეული უზუსტობა იყო გუშინ მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია რომ მცირეწლოვანი ბავშვი იყო მარნეულის კლასტერიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დადასტურება იყო ბოლნისის ცნობილი კლასტერიდან”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 84 შემთხვევაა დადასტურებული.