„ეს გზავნილი უფრო ხვალისაა – ხვალ ჩვენ უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა“
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე “ფეისბუქის” გვერდზე დღევანდელი ვითარების გამო სტატუსს აქვეყნებს:
,,დედა, სათამაშოც მინდოდა!”
მთელ ღამეს მაწვალებდა და უნდა დამეწერა:
ეს დღეებია, ხან გურიაში და ხან თბილისში, ჩემი მწირი შესაძლებლობით, ვცდილობ, დავეხმარო ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს. ეს საქები საქმე არ არის – ვალდებულებაა ნებისმიერის, ვისაც რომ ამის მცირე უნარი მაინც აქვს. ჰოდა, ვუყურებ ამ ხალხს, ვუყურებ და გაცილებით მძაფრად ვგრძნობ, რაც აქამდეც თითქოს ზუსტად ვიცოდი – ფრაზა #დარჩისახლში ძალიან, ძალიან განსხვავდება. მათი და ჩვენი. ისინი ტელევიიზით უცქერენ მხიარულ სახეებს რიხიანი მოწოდებით, რომელთა შორის მეც ვარ და ტელევიზორის გამორთვის მერე, შიშით გახედავენ ცარიელ კარადას, მოფართხალე მრიცხველს, მშიერ ბავშვებსა და ავადმყოფ მოხუცებს.
მათი ,,დარჩი სახლში“ სხვა ,,დარჩი სახლშია”. ლამის მეც კი, საშინელი ოთხმოცდაათიანების პირმშოს, თურმე, დამავიწყდა და სხვაგან გადავსახლდი.
ჰოდა, გუშინ, როცა მუხიანში, რაღაც მიშენებიდან, საშინლად გამხდარი ქალი, მორცხვად გამოვიდა ორი პატარათი და ერთმა დაიძახა: დედა, სათამაშოც მინდოდაო და დედამ პირზე მიაფარა ხელი – საშინლად შემრცხვა – ჩემი მხიარული სიტყვების გამო, სადაც ამ ადამიანებს მოვუწოდებდი. და სხვების გამოც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ,,არც ისე ცუდია”, რომ ,,არდადეგებს ჰგავს” და სხვანი და სხვანი. განა აზრი შევიცვალე – ვიცი, რომ ახლა გარდაუვალი და ყველაზე ზუსტი მოწოდებაა. უბრალოდ, მგონი რომ ფრაზა უნდა დავიწყოთ ასე – ,,ბოდიში, სახლში დარჩი”…
მე რაც შემეძლება, ისევ გავაკეთებ – დღესაც ორ ოჯახში მივდივარ, იმ ბავშვსაც მივუტან სათამაშოს, მაგრამ ეს გზავნილი უფრო ხვალისაა – ხვალ ჩვენ უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის შემჩნევა.
თქვენი გიორგი კეკელიძე“, – წერს გიორგი კეკელიძე “ფეიბუქის” გვერდზე.