მცხეთა-მთიანეთში კორონავირუსის პრევენციისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლებთან, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა კერესელიძემ, გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რეგიონში გასატარებელი ზომები განიხილა. ერთობლივად იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა კორონავირუსის პრევენციისთვის დღემდე განხორციელებული ღონისძიებებიც შეაჯამეს. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთი, ამ დრომდე, ე.წ. მწვანე ზონად რჩება, სადაც “კოვიდ 19“-ით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა დღის გარკვეულ მონაკვეთებში მოიხსნა. რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ადგილზე შესაბამის დახმარებას მერების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და მოხალისეები უწევენ.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის მასშტაბით უახლოეს პერიოდში მოსახლეობის თერმო სკრინინგიც დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ქოლ-ცენტრის ოფისის გახსნა ქალაქ მცხეთაში, სადაც მოქალაქეები ვირუსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები