კახეთში დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო, პანდემიის კრიზისის საპასუხოდ, 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს

ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთში დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო, პანდემიის კრიზისის საპასუხოდ, 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ნიღბები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რისკჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე, სამედიცინო პერსონალს უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავამზადოთ სამედიცინო პირბადეები, რაზეც გაზრდილია მოთხოვნა და ამავდროულად არის დეფიციტი როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისე, ზოგადად, საქართველოში. მათი შეძენა ვერ ხერხდება არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო. 5000 პირბადეს 10 დღის ვადაში დავამზადებთ. მათი საბოლოო მოსარგებლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იქნება”, – აცხადებს დედა ქეთევანი.

პანდემიის პირობებში ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფმა (LAG) პირბადეების წარმოებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი 2020 წლის აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. LAG-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, 6,120 ლარის ოდენობის გრანტი მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო სახელოსნოს გადაეცა.

„მირზაანის დედათა მონასტერში ორი მონაზონი და ორი მორჩილი მსახურობს. დედებმა, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და ორგანიზაცია HEKS/EPER-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პირველად 2019 წელს გაიმარჯვეს. ევროკავშირის მხარდაჭერით დედებმა სამკერვალო-სახელოსნო ააშენეს, კეთილმოაწყვეს და რამოდენიმე საკერავი მანქანა შეიძინეს.
სამკერვალო-სახელოსნოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი ტურისტული სერვისების ხელშეწყობა იყო. სოფელ მირზაანში არსებულ ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმს, ტურისტული სეზონის დადგომისთანავე მრავალი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ძველ ტაძარსაც ხშირად ეწვევიან. დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო და მისი სასაჩუქრე მაღაზია ტურისტებს ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილ ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს სთავაზობს.
ამასთან, სამკერვალო ადგილობრივ ქალბატონებს ტრადიციული ხელსაქმით დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. ისინი უსასყიდლოდ სწავლობენ მონასტრის სახელოსნოში ქარგვას, კერვას, თექის დამუშავებას, სხვადასხვა ხელნაკეთი სუვენირის შექმნას. მათ მიერ შექმნილი ნივთებიც მონასტრის მაღაზიაში იყიდება, რითაც ადგილობრივი ქალბატონები ეკონომიკურ სარგებელს იღებენ.
დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო-სახელოსნოს თანადგომა და დედების აქტიური ჩართულობა პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები