თენგიზ ცერცვაძე: “პლაქველინის” გამოყენებასთან დაკავშირებით პროტოკოლში ცვლილების შეტანის საფუძველი არ გვაქვს, ჩვენი წარმატება ამ მედიკამენტის დამსახურებაცაა
“პრეპარატ “პლაქველინის” გამოყენების შესახებ პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება, დარჩება ისე, როგორც პროტოკოლში წერია -“პლაქველინი” ენიშნებათ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს”, – ასე უპასუხა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას – “პროტოკოლით პრეპარატი “პლაქველინი” საშუალო და მძიმე შემთხვევებზე იყო გათვალისწინებული. შეიცვლება თუ არა პროტოკოლი ამ შემთხვევაში და შეზღუდვები ხომ არ დაწესდება ამ პრეპარატზე”.
მისივე თქმით, პაციენტებთან მკურნალობისას “პლაქველინის” გარდა სხვა მედიკამენტები და ინდივიდუალური მიდგომები გამოიყენება.
“არა. ჯერჯერობით, არ შეიცვლება და დარჩება ისე, როგორც პროტოკოლში წერია, რომ პლაქველინი ენიშნებათ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა და გადაწყვეტილება მოდის სრულ შესაბამისობაში ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ე.წ. “ეფდიეის” რეკომენდაციებთან. ზუსტად ასეთი რეკომენდაცია აქვს მას გაცემული 28 მარტს და მას შემდეგ არ შეუცვლია ეს რეკომენდაცია.
ეს რეკომენდაცია მოდის სრულ შესაბამისობაში მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების და ქვეყნების, მათშორის აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ ტაქტიკაში და რაც ყველაზე მთავარია, ამ ტაქტიკამ საქართველოში მაქსიმალურად გაამართლა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გვყავს სულ 5 გარდაცვლილი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოს ევროპის 53 ქვეყანას შორის ავადმყოფებისა და გარდაცვლილების რაოდენობით უკავია 49-ე ადგილი და ჩვენზე ნაკლები ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორებიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო.
ასევე, არცერთი გართულება არ ყოფილა “პლაქველინისგან”, საქართველოში სულ 5 პაციენტია გარდაცვლილი და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს მხოლოდ “პლაქველინის” დამსახურებაა, არა რა თქმა უნდა. ჩვენ მის გარდა ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს ვიყენებთ. თითოეულ პაციენტთან ინდივიდურ მიდგომას ვიყენებთ. ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს, ამიტომ ამ წარმატებას მარტო “პლაქველინს” ვერ მივაწერთ, მაგრამ მისი დამსახურებაცაა ასეთი კარგი შედეგი, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ ეტაპზე ამ პუნქტში ცვლილების შეტანის”, – განაცხადა ცერცვაძემ.