„საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას რომ კანონსაწინააღმდეგო აქციებით ითხოვ, აქ ყველაფერი ნათქვამია“ – გურამ მაჭარაშვილი „გირჩის“ აქციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარტია „გირჩის“ მიერ იპოდრომზე გამართულ აქციას “კანონსაწინააღმდეგოს” უწოდებს.

ამის შესახებ მაჭარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას რომ კანონსაწინააღმდეგო აქციებით ითხოვ, ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ნათქვამია. მანდ არანაირი ნორმალური პროცესი არ შეიძლება, არსებობდეს. არანაირი არგუმენტაცია არ არის. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციას ახასიათებს ხოლმე არაორდინარული აქციები და ა.შ.

რაც არის კანონის მიხედვით ზომები, იმას მიიღებენ სამართალდამცავი ორგანოები“, –  განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, იპოდრომზე პარტია „გირჩმა“ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვდნენ.

„იპოდრომზე მოქალაქეები დაპატიჟებული არიან სეირნობისთვის. იპოდრომზე სეირნობა არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. ეს ფართო ტერიტორიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დისტანცია დაიცვან.
ჩვენი აზრით, ასეთი მშვიდობიანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტესტი აუცილებელია ამ ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ნორმალურ საზოგადოებად დავრჩეთ და საკუთარი თანამოქალაქეები იმ შეზღუდვებით, რაც მთავრობამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში შემოიღო, არ გავაღატაკოთ და შიმშილით არ მოვკლათ. ვიცით, რომ ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, სახლში სხედან, საჭმლის ფული არ აქვთ, სიღარიბე თანდათან უფრო შესამჩნევი და თვალნათელი გახდება“, – განუცხადა „კვირას“ პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, რომლებმაც აქციის ორგანიზატორები დააჯარიმეს.

ქვეყანაში, კორონავიურუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები