საქალაქო სასამართლოსთან მერაბიშვილისა და ბურჯანაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სასამართლოსთან “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციაზე მერაბიშვილის მხარდამჭერები სლოგანით მივიდნენ: “ბურჯანაძეების ოჯახი – გრუ-ს ჯაშუშები”. სლოგანმა ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გააღიზიანა, რასაც სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, “თავისუფალი ზონა” წარმოადგენს იმ ზონდერთა ჯგუფს, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა “გვამების მომთხოვნი ვანო მერაბიშვილი”. “ის, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთის ჯაშუში არ არის, არაერთხელ დადასტურდა. ეს ადამიანები კი იცავენ იმ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც გვამები სჭირდება”, – განაცხადა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ნიკა პეტრიაშვილმა. აქციაზე ვითარების განმუხტვას საპატრულო პოლიცია ცდილობს. შეგახსენებთ, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაიკითხება. “თავისუფალი ზონის” წევრები სასამართლოსთან სწორედ ბურჯანაძის საწინააღმდეგო და მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.