ზაზა გაბუნია: ძალისხმევას და შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს
„მე ვარ მოხარული, რომ ამ ძალისხმევასა და შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ეწევა, ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს მას”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ამერიკული გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილთან, სადაც გამოცემა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა.
მისი თქმით, მიღწეული შედეგები საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის შედეგია.
„საქართველო საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ხშირად სახელდება COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის კარგ მაგალითად. ამაზე წერენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, ამაზე საუბრობენ სამედიცინო და მმართველობით წრეებში და ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლისა და ერთად დგომის შედეგი; შედეგი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე მოუღლელი ზრუნვისა, შედეგი იმისა, რომ ის აქტიური ღონისძიებები, რომელსაც ახორციელებენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი მოქალაქეების პანდემიისგან დაცვისთვის, რომელსაც ახორციელებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ჩვენმა ეკონომიკამ სიჯანსაღე, არის სახეზე და მე ვარ მოხარული, რომ ამ ძალისხმევასა და ამ შრომას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ეწევა ხედავს მსოფლიო და სათანადოდ აფასებს მას”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.