„გირჩი“ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, აქციას გეგმავს

პარტია „გირჩი“ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომზე აქციას გამართავს. ამის შესახებ „კვირას“ „გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

კითხვაზე – დაირღვევა თუ არა აქციის ჩატარების გამო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესები, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტესტი. ხვიჩიას თქმით, არავის დაჯარიმების საფუძველი არ იქნება.

„იპოდრომზე მოქალაქეები დაპატიჟებულნი არიან სეირნობისთვის. იპოდრომზე სეირნობა არ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. პირიქით, კარგ ამინდიში სახლში დარჩენა უფრო მავნებელია, ვიდრე, გარეთ ულტრაიისფერ სხივებზე გასვლა, რომელიც ვირუსს კლავს. აქედან გამომდინარე, იპოდრომზე სეირნობა დაშვებულია. იპოდრომი ფართო ტერიტორიაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დისტანცია დაიცვან ერთმანეთისგან და ფრთხილად იყვნენ, მარტივად რომ ვთქვათ. ეს არ არის ვიწრო ტერიტორია, სადაც ჭყლეტა იქნება.

ჩვენი აზრით, ასეთი მშვიდობიანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტესტი აუცილებელია ამ ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ნორმალურ საზოგადოებად დავრჩეთ და საკუთარი თანამოქალაქეები იმ შეზღუდვებით, რაც მთავრობამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში შემოიღო, არ გავაღატაკოთ და შიმშილით არ მოვკლათ. ვიცით, რომ ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, სახლში სხედან, საჭმლის ფული არ აქვთ, სიღარიბე თანდათან უფრო შესამჩნევი და თვალნათელი გახდება. ამ პირობებში მოწოდება –
„დარჩი სახლში“ არის ცინიკური. ვფიქრობთ, ამის გაპროტესტება რაღაც თვალსაზრისით ყველა ნორმალური ადამიანის არის მოვალეობაა, ცხვრებივით არ უნდა ვისხდეთ სახლში და შიმშილით სული არ უნდა გვძვრებოდეს მთავრობის პოლიტიკის გამო.

თუ აქციის მონაწილეები სეირნობენ და ამას ასე იტყვიან, არავის არანაირი უფლება არ აქვს, დააჯარიმონ ისინი. თუმცა მე არ ვიცი, რას იზამს ქართული პოლიცია, რომელიც მანქანაში წინ ჯდომისთვის ცოლ-ქმარს აჯარიმებს“, – გაანცხადა იაგო ხვიჩიამ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები