მედია: პოლონეთში ჩინეთიდან ყალბი სერტიფიკატის მქონე სამედიცინო ნიღბები ჩაიტანეს
პოლონეთში ჩინეთიდან გასულ კვირას ჩატანილ 7 მლნ სამედიცინო ნიღაბს ყალბი სერტიფიკატი გააჩნდა, – წერს პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza.
ადგილობრივმა მედიამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ნიღბები ეფექტური და უსაფრთხო საავადმყოფოში, რასაც პოლონეთის ტრანსეროვნული კორპორაციის KGHM Polska Miedź პრეზიდენტმა, მარცინ ხლუდზინსკიმ Twitter-ში უპასუხა და თქვა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ნიღბებს ყველა საჭირო სერტიფიკატი აქვს და საავადმყოფოებში ეფექტურად მუშაობენ.
ხლუდზინსკიმ, ასევე, დოკუმენტების ფოტოები გაავრცელა და ნიღბების მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიად – Guangdong Nafei Industrial Holding Co. Ltd. დაასახელა.
თუმცა, როგორც გაზეთი აღნიშნავს, კომპანია Guangdong Nafei Industrial Holding Co. Ltd. ქაღალდის წარმოების სფეროში მუშაობს, CE ნიშნის სერტიფიკატი კი, იტალიური კომპანიის Ente Certificazione Macchine (ECM) მიერ არის გაცემული.
Gazeta Wyborcza-ს მტკიცებით, სერტიფიკატი ჩინელი მწარმოებლების მიერ არის გაყალბებული.
3 აპრილს იტალიურმა ECM ინფორმაცია გაავრცელა, რომ CE კატეგორიის სერტიფიკატებს არ გასცემს და არც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სფეროში მუშაობს.
“ნიღბებზე ჩვენი სახელის და ნომრის გამოყენება თაღლითობა და ბოროტად გამოყენებაა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ყველა ყალბი სერტიფიკატის შესახებ გავავრცელოთ ინფორმაცია”, – განაცხადეს კომპანიაში.
ხლუდზინსკი Gazeta Wyborcza-ს პუბლიკაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა იმპორტირებული ნივთი შემოწმებულია და მათ დადასტურების უამრავი დოკუმენტი აქვს.