ზუგდიდელი ფერმერი კიტრის მოსავალს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ დაურიგებს (ვიდეო)

ზუგდიდელი ფერმერი კიტრის გაზაფხულის სეზონის მოსავალს, სრულიად უანგაროდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. 33 წლის ფერმერი – გიორგი გერგედავა მესამე წელია, აგრობიზნესითაა დაკავებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისში კიტრის ფერმა 3,882 კვ.მ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული.

„რეგიონული კვირა“ ფერმერს სოფელ ცაისში ეწვია. გიორგი გერგედავას დიღმური “შუშა” კიტრის ხუთი სათბური აქვს. მისი წლიური მოსავალი, საშუალოდ, 75 ტონას შეადგენს.

“აღნიშნული საქმიანობით დაკავებული ვარ სამი წელია, არის საოჯახო ბიზნესი. პერიოდულად მეხმარებიან ჩემი მეგობრები. ადგილზე მყავს სამი მუშა, თუმცა ამ პანდემიის გამო, ეშინია ხალხს სამუშაოზე გასვლა და, შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ყველაფერზე მუშაობა. ორი მუშა არის, ვინც კიტრზე მუშაობს, ხოლო ერთი აგრონომია. ეს აგრონომი 70 წელს გადაცილებულია, დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ჩამოდის თბილისიდან და გვიწევს ასე დისტანციურად მუშაობა”, – ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.

ფერმერი მოსავლის 100%-ს დედაქალაქში რესტორნებსა და ბაზრებს აბარებდა, თუმცა დღეს სხვა რეალობის წინაშე დადგა. როგორც თვითონ განმარტავს, წელს, ქვეყანაში კოვიდ-19-თან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამო, შემოსავლის რეალიზაცია სასურველ ფასად ვერ შეძლო. ამიტომ გამოსავალი მარტივად იპოვა, კიტრის კრეფას მეგობართან ერთად შეუდგა და გადაწყვიტა უანგაროდ დახმარებოდა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ზოგ რეგიონში, როგორც გადავხედე, ხალხი მოსავალს მდინარეში ყრის, ან პირუტყვს აჭმევს და როდესაც შეგვიძლია ჩვენ – მეწარმეებს, ფერმერებს ასეთი კეთილი საქმეები გავაკეთოთ, რატომაც არა. ადამიანს უნდა დავეხმაროთ, დღეს თუ სხვა არის ასეთ მდგომარეობაში და ხვალ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნავს ფერმერი.

ქვეყანაში კარანტინის მკაცრი რეჟიმიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებას თავად ვერ შეძლებდა, ამიტომ ადგილობრივ მერიას დახმარებისთვის უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები