თალაკვაძე: საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევის დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და მატებისას საჭირო აღარაა, არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი

დღეს საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევების დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და როდესაც ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს და თან ველოდებით უკვე გავრცელების პიკს, დღეს აღარ არის ეს საჭირო, მე ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი., – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა.

„გულწრფელად მახარებს ის ფაქტი, რომ ასე ჩართული ხართ ამ პროცესში და თქვენი მოსაზრებები, თქვენი გეგმებიც გაქვთ დამუშავებული და ემოციურად საუბრობთ ამ საკითხზე. რაც შეეხება პარლამენტში საკითხის წარმოდგენას, კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ საკითხს, ასევე ყველა სამართლებრივ საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, იქნება ეს სოციალური თუ ეკონომიკური დახმარების საკითხები, ამას ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ამ კვირაშივე უკვე წარუდგენს საზოგადოებას. მათ შორის, იმედია, თქვენც მიიღებთ მონაწილეობას და უშუალოდ მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
მეორე, რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ჩვენ ხომ ახლა არ ვმსჯელობთ იმაზე დღეს, თუ რა იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოყენებული შეზღუდვებად. თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს მთავრობა, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში, რომ ეს შეზღუდვები დააწესოს ან მოხსნას.
ჩვენ გვაქვს მარტივი მოცემულობა, მსოფლიოში გრძელდება პანდემია, ჩვენს ქვეყანაში არის დღეს იმაზე ბევრად მეტი შემთხვევა, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. შესაბამისად, დღეს საუბარი იმაზე, რომ ცოტა შემთხვევების დროს გჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და როდესაც ბევრად მეტი შემთხვევა გვაქვს და თან ველოდებით უკვე გავრცელების პიკს, დღეს აღარ არის ეს საჭირო, მე ვფიქრობ, რომ არ არის ლოგიკური და საფუძვლიანი. ამაში ყველა ჩემს კოლეგას ვეთანხმები არის ის, რომ მაქსიმალური ჩართულობა, მაქსიმალური გამჭვირვალობა, ინფორმირება საზოგადოების, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ, როგორც ხელისუფლება და მთავრობა, პრემიერ-მინისტრი როგორც ქმედებების წარმმართველი აკეთებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით,  მიუღებელია, როცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს პარლამენტს თავად პრემიერ-მინისტრი არ წარუდგენს. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც  სრულიად გაუმართლებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები