ამირან გამყრელიძე: ყველამ მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი

“საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ ყველას, ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მადლობა გადაუხადა.

„დავიწყებ მადლობით საქართველოს მოსახლეობისადმი, მადლობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთლიანად მედპერსონალის სახელით ყველას, ვინც გაითვალისწინა და ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რასაც დღეს საქართველოს სახელმწიფო, სამედიცინო სექტორი იძლევა ჩვენი მოსახლეობისადმი. უკვე სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ვართ ბრძოლაში გლობალურ გამოწვევასთან, რასაც COVID-19 ჰქვია, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ბევრ ქვეყანას, უკვე 210 ქვეყანას. მოგეხსენებათ, 2,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირებული და, დაახლოებით, 6,8 პროცენტამდე ავიდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გლობალურად. იცით, რომ ძალიან დაზიანებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი დიდი ქვეყნები და თვითონ ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება მსოფლიოში, დღეს ჩამოვიდა მერვე ადგილზე თავისი გავრცელების მაჩვენებლით.

საქართველომ, ჩვენმა სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პროფესიონალებმა – მხედველობაში მყავს ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია მესაზღვრიდან და მებაჟიდან დაწყებული, მძღოლამდე, ვისაც დღეს გადაჰყავს პერსონალი, ყველამ მოვახერხეთ ის, რომ ერთად დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელება არ არის მაღალი, ჩვენთან ეპიდემიის გავრცელების მრუდი, ჯერჯერობით, გახლავთ გლუვი და ის არ გახდა ციცაბო.

წინა კვირაში გახსოვთ, გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო იძლეოდა მოსახლეობის მიმართ და, ასევე, ვიძლეოდით ჩვენ, ექიმები, მოვახერხეთ ის, რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები