ბოლნისის მერი განმეორებითი თერმოსკრინინგის პროცესში ჩაერთო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, განმეორებითი თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ვინაიდან სოფლის ექიმების უმრავლესობა, როგორც კონტაქტები, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში იმყოფება, თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეების ჩართვა გახდა აუცილებელი.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა. დავით შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად თერმოსკრინინგს ამ ეტაპზე სოფელ ცურტავში ახორციელებს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დღეს ფარიზსა და ნახიდურშიც მოხდება. განმეორებითი თერმოსკრინინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განხორციელდება და პროცესში მონაწილეობას უშუალოდ მერიც მიიღებს.
მათი ცნობით, პირველ ეტაპზე ინფრაწითელი უკონტაქტო თერმომეტრებით სულ 48 057 მოქალაქე შემოწმდა.
“ამ ეტაპზე, თერმოსკრინინგს შვიდი ჯგუფი ახორციელებს, ჯგუფების რაოდენობა ხვალიდან გაიზრდება და მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოვიცავთ. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ცურტავში. იქწდან გამომდინარე, რომ ჩვენი სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა არის თვითიზოლაციასა და კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ, თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეების ჩართვა მოგვიწია. გავიარეთ შესაბამისი ტრენინგი და მზად ვართ, თერმოსკრინინგის პროცესი რეკომენდაციების დაცვით განვახორციელოთ. მეც ერთ-ერთ ჯგუფში ვარ ჩართული, დავდივართ კარდაკარ, ვამოწმებთ მოსახლეობას. ჯერჯერობით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები არ გამოგვივლენია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.