საქართველოში საჯარო ადგილებში დისტანციას 62.4% ყოველთვის იცავს – კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფიზიკურ დისტანცირებას ყოველთვის იცავს 62.4%, 18.6% შეძლებისდაგვარად იცავს, 18.1% არ დადის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო 0.9% არ იცავს ფიზიკურ დისტანცირებას, – ამის შესახებ კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც მონაცემთა კვლევის ჯგუფმა (DRG) კლინიკა „ნეოლაბის“ დაკვეთით ჩაატარა.
მათი ცნობით, COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე მოსახლეობის ინტერნეტგამოკითხვა 17 აპრილს ჩაატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1469 ადამიანმა მიიღო.
კვლევის თანახმად:
გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებთან შეხებით. 60% ფიქრობს, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ზიარების დროს.
▪️ რეგულაციების შემოღებამდე ჯგუფურად (მაგ.: ოჯახის/სანათესაოს რამდენიმე წევრთან ერთად) სასაფლაოზე გასვლას გეგმავდა თითქმის ერთი მესამედი (29.3%).
▪️ რესპოდენტთა 87.1% არ აპირებდა სააღდგომო წირვაზე დასწრებას, 7.5% აპირებდა, მაგრამ ხელი შეუშალა გამკაცრებულმა რეგულაციებმა, 4.6% კი აპირებდა, მიუხედავად რეგულაციებისა.
▪️ 74.3%-ის აზრით, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ეკლესიებში თავშეყრის საკითხს.