ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ქვეყნის დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შემზღუდავი ზომების წინააღმდეგ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა.

აქციაში სულ 600-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეკრებილებმა პარლამენტის დახურვა და ჯარს ბოლსონარუს მხარეს გადასვლისკენ მოუწოდეს. აქციაზე პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვიდა, რომელიც რამდენჯერმე ხველების გამო შეწყვიტა.

ბრაზილიაში სახლიდან გასვლაზე აკრძალვა პარლამენტმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა შემოიღეს, ქვეყნის პრეზიდენტი კი ამ ზომებს აკრიტიკებს და ვირუსს “უმნიშვნელო გრიპს”, მასთან ბრძოლას კი “ისტერიას” უწოდებს.

გასულ კვირას, ბოლსონარუმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა, ასევე, სოციალური დისტანცირების მომხრე იყო.

17 აპრილს ბოლსონარუ, ასევე, გამოვიდა წინადადებით მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის შესახებ.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით ბრაზილია პირველ ადგილს იკავებს.

ქვეყანაში 38 654 ინფიცირებულია, 2 462 ადამიანი გარდაიცვალა, 22 130 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები