მარტვილის მონასტერში სააღდგომო ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყება და ღია ცის ქვეშ ჩატარდება
მარტვილის მონასტერში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს ღამის 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ეპარქიაში შემავალ სხვა ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია ხვალ დილას ჩატარდება – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსი მეფუე გრიგოლ კაცია საღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ეპარქიის გადაწყვეტილებას.
მეუფეს განმარტებით, ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება, რომელიც ინტერნეტში პირდაპირი ეთერის მეშვეობით იქნება გადაცემული.
„ღვთისმსახურებას ჩავატარებთ გარეთ, ღია ცის ქვეშ. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც არიან მოხუცები, ბავშვები რომ ეზიარონ ხვალ დილით, მშვიდად წყნარად, ხოლო ვინც არიან ქრონიკულად დაავადებულნი, ბრწყინვალე შვიდეულში იქნება ყოველ დღე წირვა ტაძრებში და შეუძლიათ ამ ბრწყინვალე შვიდეულში ეზიარონ, იმიტომ რომ ყოველი დღე არის თანასწორი აღდგომისა. ვისაც სურვილი აქვს, მაინცდამაინც აღდგომას ჩვენთან შეხვდნენ, მოვიდნენ წინასწარ 21:00 საათამდე, რათა არ დაირღვეს კანონი და თბილად ჩაიცვან. ღვთისმსახურება ასევე იქნება ონლაინ რეჟიმში და აქ მყოფები ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მოისმენენ წირვას“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მანამდე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა კვირას, დილის 07:00 საათიდან ჩატარდება.
რაც შეეხება ფოთისა და ხობის ეპარქიას, ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, ეპარქიის ყველა ტაძარში ღამის 12:00 საათზე ზარები დაირეკება, რაც ნიშანი იქნება სახლში დარჩენილი მრევლისთვის ერთად ლოცვის დაწყებისა.