ოკუპანტების მიერ ქარელში განახლებული უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, სახნავ-სათესი მიწები მავთულხლართებს მიღმა მოექცა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ. ადგილობრივების განცხადებით, რუსი ოკუპანტები ე.წ. სასაზღვრო ზოლთან დღეს დილით გამოჩნდნენ და ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს, რის შედეგადაც 12-მდე ოჯახის, დაახლოებით, 30 ჰექტრამდე სასოფლო და სამეურნეო მიწის სავარგული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავენ, მიწები, სადაც ოკუპანტები ამ წუთებშიც განაგრძობენ უკანონო მოქმედებებს, დამუშავებული ჰქონდათ და მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.
“დღეს გავიგე, რომ ღობავენო. ვისაც ნაკვეთი აქვს, ის ხალხია ცოდო. რა უნდა მოიყვანონ, რა უნდა ჭამონ ამ ადამიანებმა. ზოგს დამუშავებული ჰქობდა, ზოგს – დასამუშავებელი”, – განაცხადა  ადგილობრივმა ირმა გოცირიძემ.

ცნობისთვის, სოფელ ტახტისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა

“მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.
მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოსა და ადგილობრივების ყოველდღიურობას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები