„სერიოზული სამუშაო გაუწევიათ ჩვენი “უხილავი ფრონტის ” მებრძოლებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი მომეტებული “ყურადღების” პირობებში“ – ანჯაფარიძე სუს-ის ანგარიშზე
“თუნდაც იმის მიღწევა, რომ საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი „უხილავი ფრონტის“ მებრძოლები თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში ძალიან დეტალურადაა წარმოდგენილი ის გამოწვევები და საფრთხეები, რომლებიც ქვეყანას 2019 წელს ჰქონდა.
სუს-ის ანგარიში ანჯაფარიძემ „კვირასთან“ საუბრისას შეაფასა.
„სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო განვითარებულმა პროცესებმა რაღაცნაირად გადაფარა ეს ანგარიში, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად საჭიროა ამ ანგარიშზე დეტალური მსჯელობა და განხილვა, საზოგადოებისთვის მისი ფართოდ გაცნობაც არ იქნებოდა ურიგო იქედან გამომდინარე, რომ ანგარიშში ძალიან დეტალურადაა წარმოდგენილი ის გამოწვევები და საფრთხეები, რაც 2019 წელს ჰქონდა ჩვენს ქვეყანას. სავარაუდოდ, ეს საფრთხეები იქნება ამ წელიწადსაც და შესაძლოა, ეს საფრთხეები კიდევ გარკვეული პერიოდის მანძილზე არ მოიხსნას. გასაგებია, რომ რუსული ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და საფრთხე, მაგრამ რუსულ ოკუპაციას თან სდევს სხვა საფრთხეები, თუნდაც იგივე ინციდენტი ჩორჩანასთან, რომელმაც კინაღამ შეიარაღებულ დაპირსპირებამდე მიგვიყვანა. რომ არა პრევენციული ზომები, არავინ იცის, ეს რაში გადაიზრდებოდა.
სუს-მა ძალინ მკაფიოდ აღნიშნა ის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები როგორ ცდილობენ, ჩვენს სახელმწიფოზე მოახდინონ ზეგავლენა სხვადასხვა ბერკეტით, მათ შორის, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით და შემოიჭრან ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამისათვის, შეიძლება ითქვას, რომ მათ აქ ჰყავთ ნებითი თუ უნებლიე მოკავშირეები. სწორედ ამ კონტექსტშია ხაზგასმული, რომ 20-21 ივნისის მოვლენებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და გააუარესა ის.
სერიოზული სამუშაო გაუწევიათ ჩვენი “უხილავი ფრონტის ” მებრძოლებს. ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი მომეტებული “ყურადღების” პირობებში.
უცხო სპეცსამსახურების ჩარევას ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ საქმეებში, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უწყობს “სასარგებლო იდიოტთა” დიდი არმია, თუმცა ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. ევროპაში ლამის პანდემიის დონეზეა.
საქართველოში ფიქტიური საბუთებით დასახლების მსურველ 778 პირს აღეკვეთა ეს – საკმაოდ დიდი ციფრია. ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით ახერხებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.