დევი ტაბიძე: ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ, ვირუსი ვერ არჩევს ერსა და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა წესი მაქსიმალურად უნდა დაიცვას.
„საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავთ, როგორი წესიც უნდა იყოს დაცული დისტანციებისა და ა.შ. ეს მაინც საფრთხისშემცველია. ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი, ამიტომ დაცული არცერთი არაფრისგან არ ვართ. ჩვენი, სამედიცინო საზოგადოების თხოვნა იქნება, რომლებიც მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, თავი შევიკავოთ გარეთ სიარულისგან. ძალიან კარგი წინადადება ითქვა დღეს, ყველას გვაქვს ხატები, ყველას გვაქვს სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტი არ ვაწარმოოთ. ხალხო, არ ვართ არაფრისგან დაცულები, ვირუსი ვერ განარჩევს ერსა და ბერს, ის ყველაზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დარჩით სახლში, მოგვეცით ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ამ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენი მონაცემები სულ ერთი, ორი, სამი, მაქსიმუმ, 5 შემთხვევა იყო. გუშინ 9 იყო, დღეს არის 10, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 21 პაციენტია. ძალიან გთხოვთ მთელს მოსახლეობას, დარჩით სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა წესი”, – განაცხადა ტაბიძემ.