ირაკლი ბერაია: საქართველოს უსაფრთხეობის სამსახურის სახით ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი დასავლური სპეცსამსახური
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ასახულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე, კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ამ საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებები და მათი პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია ოკუპაციისა და ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, კონტრტერორისტულ და ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე ისევე, როგორც უცხო ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მისწრაფებებათა პრევენციასა და ნეიტრალიზაციაზე.
„ანგარიშში, ასევე, მოხვდა 20 ივნისის მოვლენები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ნეგატიური გავლენის მქონე მოვლენები, რადგან გარდა იმისა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მსგავსი ქმედებები ყოველთვის შეიცავს უცხო ქვეყნებისა და მათი სპეცსამსახურების მიერ მათი ინტერესებისთვის და უამრთავი პროცესების განვითარებისთვის მაღალ რისკებს”, – განმარტა ირაკლი ბერაიამ.
მისი განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
„საქართველოს ამ უწყების სახით ჰყავს კარგად მომზადებული და აღჭურვილი დასავლური სპეცსამსახური, რომელიც იცავს არა მარტო ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ – ჩვენი პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებსაც ამ რეგიონში. ის, რაც გამოარჩევს უსაფრთხოების სამსახურს, არის ეფექტიანობა, თანამშრომლების პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულების მაღალის სტანდარტი”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.