მარინა ეზუგბაია: თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება
“კორონავირუსის მქონე 30 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ყველგან დადგენილი არ არის, ხდება ამ წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დაცვა.
„ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის, წყარო ყველგან დადგენილი არ არის, ხდება ამ წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის ღრმა ჩაძიება და ეპიდკვლევა წარმოებს, მათი კონტაქტების, ამ კონტაქტების მოძიების, მათი საკარანტინო სივრცეებში განთავსების, კლინიკის გამოვლენის შემთხვევაში, ხდება უკვე ტესტირება და, დადასტურების შემთხვევაში, გადაყვანა სტაციონარში. ამ 30 პაციენტის კონტაქტების კვლევა მიდის დაწვრილებით, განსაკუთრებით, ღრმა ჩაძიებით. იმედი მაქვს, ამ ე.წ. კლასტერების არა გამრავლება, შეჩერება, ლოკალიზაცია მოხდა ამ პროცესის, თუ 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები. იმედია, ამ ახალ კლასტერებსაც შემოვღობავთ, გარკვეულწილად, არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს და მიიღოს დაუძლეველი ხასიათი, ჩვენთვის უკონტროლო არ გახდეს, გაგრძელდეს ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება.
30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად მცირე რაოდენობით. თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება. ჩვენ, თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა.
ყველა შეზღუდვა, რაც ქვეყანაშია დაწესებული, უნდა დავიცვათ”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.