პენტაგონი: რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა
რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა, თუმცა, პენტაგონის ანალიტიკოსების ვარაუდით, მობილური სარაკეტო სისტემა კოსმოსში რომელიმე კოსმოსური თანამგზავრის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა.
ამერიკელი სამხედროების აზრით, აღნიშნული კრემლის ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა, რომელიც კოსმოსურ შეიარაღების კონტროლზე საკუთარი წინადადებების პროპაგანდას ახორციელებს.
ანალიტიკოსების აზრით, გამოცდა მოსკოვიდან 800 კმ დაშორებით მდებარე პლესეცკის კოსმოდრომზე მოხდა.
პენტაგონში აცხადებენ, რომ კოსმოსში ომი უფრო რეალური ხდება: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და კიდევ რამდენი ქვეყანა კოსმოსში საკუთარ სამხედრო პოზიციებს ზრდიან.
მათივე აზრით, ანტისატელიტური იარაღი კოსმოსში საფრთხეს წარმოადგენს: აფეთქების შედეგად უამრავი ფრაგმენტი ჩნდება, რომლებსაც სხვა ობიექტებთან შეხების შედეგად პოტენციურად დარტყმების ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
თანამგზავრები აშშ-ის თავდაცვაში ზრდად მნიშვნელობას იძენს: მათი დახმარებით სამხედროები სახმელეთო გადაადგილებას აკვირდებიან, საბრძოლო მასალებს მართავენ, ასევე, რაკეტების გაშვების მონიტორინგსა და მათი შემდგომ ფრენას აკვირდებიან.
“შეერთებული შტატები აგრესიის შეკავებისკენ, კოსმოსში ქვეყნის, ასევე, მოკავშირეების ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული. გამოცდა არის რუსეთის ყალბი პროპაგანდის ნაწილი, რომელიც კოსმოსური შეიარაღების კონტროლს გულისხმობს. ცხადია, რომ კრემლი საკუთარი პროგრამების შეჩერებას არ აპირებს”, – ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანლის, გენერალ ჯონ რეიმონდის განცხადებაში.
14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი ათვისების სფეროში, რუსეთი აშშ-სთან თანამშრომლობისთვის არის მზად.
აღნიშნულით ლავროვმა დონალდ ტრამპის 7 აპრილის განკარგულებას გამოეხმაურა, რაც დედამიწის თანამგზავრისა და სხვა კოსმოსური სხეულების კვლევის ეკონომიკური პერსპექტივების განხილვას გულისხმობს. დოკუმენტის თანახმად, მთვარეზე საქმიანობა შეიძლება იყოს განხილული ჩვეულებრივი საერთაშორისო სამართლის ჭრილში, მისი რესურსები კი არ შეიძლება იყოს მიჩნეული კაცობრიობის საკუთრებად.
11 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი კოსმოსის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.