სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან 2 სოფელ სავანეთის მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ. ამ დროისთვის პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომანდაციით, სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.
სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა მოინახულეს.
“ბოლნისში დადასტურებული COVID 19-ის შემთხვევებიდან 2 სოფელ სავანეთს უკავშირდება, ჯერჯერობით, პირველადი წყარო უცნობია, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ქვემო ბოლნისის მსგავსად სოფელი სავანეთიც დროებით ჩაიკეთა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფლის საზღვრებთან მოეწყო ბლოგპოსტები და სამართალდამცველები სიტუაციას აქტიურად გააკონტროლებენ. სავანეთსა და მის მიმდებარე სოფლებში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება შეფერხების გარეშე განხორციელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებს დროულად დააკმაყოფილებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.