თბილისის საკრებულოს წევრები საბაზისო დახმარებასთან ერთად სააღდგომო ნობათსაც არიგებენ

დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს, საკვებ პროდუქტებთან და პირველადი მოხმარების ნივთებთან ერთად, სააღდგომო ნობათსაც გადასცემენ. ნობათი, რომელიც მთლიანად საქართველოში წარმოებული პროდუქტისგან შედგება, საკრებულოს კერძო პირმა შემოსწირა, რომლითაც კიდევ რამდენიმე ასეული ოჯახი დაკმაყოფილდება.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, უკვე ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან(ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს გაუწიეს დახმარება. მისივე თქმით, დახმარების აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

„გრძელდება საკრებულოს მხრიდან მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანია. დღეს, პროდუქტებთან ერთად, კერძო პირმა სააღდგომო ნობათი გადმოგვცა, რომელსაც საბაზისო დახმარებასთან ერთად დავურიგებთ მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ კი კერძო პირებს და ბიზნესსექტორს, ვინც თბილისის საკრებულოს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი(ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების უზრუნველყოფაში ეხმარება, მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ კამპანიაში მომავალშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

„საკრებულოს ინიციატივით, უკვე ათასზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ. დღეს კიდევ ერთი აქცია გვაქვს. კერძო პირმა სააღდგომო ნობათი გადმოგცა, რომელიც მთლიანად ქართული პროდუქტისგან შედგება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კამპანიაში მონაწილეობს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულომ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი(ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და, დღეის მონაცემებით, უკვე ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო ნობათი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები