ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონისა და ხონის აგრარული ბაზრობები დაათვალიერა
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონში არსებული აგრარული ბაზრობების მონიტორინგს პირადად ახორციელებს. ზვიად შალამბერიძემ მონიტორინგის ფარგლებში, ზესტაფონისა და ხონის აგრარული ბაზრობები დაათვალიერა.
აღნიშნული ობიექტები საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვითა და მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებენ ფუნქციონირებას. ადგილზე დაცულია დისტანცია და ტარდება დეზინფექცია.
მხარის რწმუნებულმა, ზესტაფონისა და ხონის მერებთან ერთად, ბაზრობების ხელმძღვანელებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ და საგანგებო რეჟიმში მუშაობის პირობების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა არ დაირღვეს თანამშრომლებისა და მომხმარებლების ინტერესები.
აღნიშნულ ობიექტებზე შესვლა მხოლოდ პირბადითა და ხელთათმანებით არის შესაძლებელი, ასევე, მკაცრად კონტროლდება შემსვლელთა რაოდენობა. წესრიგის დაცვას მოხალისეები და შსს-ს თანამშრომლები უზრუნველყოფენ. აგრარული ბაზრობებისთვის რეკომენდაციები და სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული. მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობებისა და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას.
ასევე, მნიშვნელოვანია ბაზრის ადმინისტრაციას ჰქონდეს ინფორმაცია თითოეულ მოვაჭრე პერსონალის შესახებ, რათა მიკვლევადი იყოს ყველა მათგანის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია.