რუსთაველის ფონდმა ლექციით „ენა და კულტურის ეკოლოგია“ აღნიშნა
14 აპრილს, ქართული ენის დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ მარგალიტაძემ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გრანტიორებისა და მონაწილეებისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩაატარა დისტანციური ლექცია – საუბარი „ენა და კულტურის ეკოლოგია“.
ლექციის თემა იყო ქართულ ენაში მიმდინარე რთული პროცესები, ქართული ენის დაცვის, ენაში უცხო სიტყვების, რუსული და ინგლისურენოვანი ბარბარიზმების, ტერმინების შემოტანის აქტუალური საკითხები. პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ აღნიშნა, რომ ენის ლექსიკური მარაგის გაღარიბება, უცხო ენების ფრაზეოლოგიური ერთეულების ქართულად გადმოტანა, ქართული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ენის საკომუნიკაციო და სხვა ფუნქციებს, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე, უცხო ენების სწავლების მეთოდებზე.
ლექციის დასასრულს, უპასუხა მოსწავლეების მრავალრიცხოვან საინტერესო შეკითხვებს, გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.