“კორონავირუსით ინფიცირებული დაცვის თანამშრომელი საპატრიარქოს შემოსასვლელ პუნქტს ემსახურებოდა, შიგნით შენობაში ან თანამშრომლებთან სხვა შეხება არ ჰქონია”
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოს შესასვლელ პუნქტში მუშაობდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაღმაიძემ განაცხადა, დაცვის წევრს საპატრიარქოს თანამშრომლებთან სხვა შეხება არ ჰქონია.
„საპატრიარქოს თავის დაცვის სამსახური არ აქვს და მომსახურებით სარგებლობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის თანამშრომლებს როტაციის სახით აგზავნის ხოლმე საპატრიარქოში. ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა, საპატრიარქოში შემოსასვლელ პუნქტს ემსახურებოდა. შიგნით შენობაში ან თანამშრომლებთან სხვა შეხება არ ჰქონია გარდა იმისა, რომ შემოსასვლელ პუნქტში არეგულირებდა შემომსვლელებს.
როტაცია ხდება ამ სამსახურის მიერ დაგეგმილ პერიოდებში. ამიტომ, ეს ადამინი, გარდა იმისა, რომ საპატრიარქოში მუშაობს, თავის სამსახურშია კიდევ და თავის სამსახურეობრივი მოვალეობითაც საპატრიარქოს გარემოს სცილდება.
მასთან ერთად ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდა ტესტირება და მოვიდა უარყოფითი პასუხები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.