ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 მოქალაქე თვითიზოლაციიდან მოიხსნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ,  კონტაქტების მოძიების შედეგად, თვითიზოლაციაში 54- მდე პიროვნება იმყოფებოდა. ეს ის კონტაქტებია, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ 53 წლის დაინფიცირებულ მამაკაცთან.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის ეპიდემიოლოგმა, ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა,  დღეიდან დაიწყო პირველადი კონტაქტების შემხებლობაში მყოფი ადამიანების თვითიზოლაციის ვადების ამოწურვა.

მისივე თქმით, თერმოსკრინინგი კვლავ მიმდინარეობს და, ამ ეტაპისთვის, ანალიზების გადაგზავნა საჭირო არ გამხდარა.

“იმედიანი დღე გვაქვს ლენტეხში, – ათი ადამიანი, რომელსაც უშუალო და პირველადი კონტაქტი ჰქონდა  კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან, დღეს თვითიზოლაციიდან მოიხსნა. ამ დღეებშიც ნელ-ნელა ეს პროცესი წავა და ვიმედოვნებ, რომ ასე მშვიდობიანად ჩაამთავრებენ სხვებიც იზოლაციის დღეებს. ამ ეტაპისთვის, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში გვყავს ერთი პაციენტი, მაგრამ მას არანაირი შემხებლობა ჰქონია წინა შემთხვევასთან, არც სიმპტომები აღენიშნება. პაციენტი მოიაზრება, როგორც ქრონიკული, ჩვეულებრივი ავადმყოფი და, შესაბამისად, არც სინჯებია გადაგზავნილი”, – განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები