ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების 8 პაციენტის ანალიზის პასუხს დღეს მიიღებენ
ფოთის ჰოსპიტალში, “ცხელების ცენტრში” რესპირატორული სიმპტომებით მოთვსებული რვა პაციენტის ანალიზის პასუხებს „კოვიდ19-ზე“ დღეს ელოდებიან.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განმარტებით, რვავე პაციენტზე ლაბორატორიული ნიმუშები აღებულია და შემდგომი კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
„ამ დროისათვის, ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსებში მოთავსებულია რვა პაციენტი. აქიდან ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა გუშინ გაიგზავნა და ექვსი დღეს გაიგზავნება. სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი – გარდაბნიდან, იგი ტრაილერის მძღოლია, ორი – ზუგდიდიდან და ორი – გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები“, –განაცხადა მედიასთან კომენტირებისას მიგინეიშვილმა.
რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო მონაცემებს, ის ასე გამოიყურება:
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებში 50 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციაში კი – 115 პირია. მეთვალყურეობა – 752 ადამიანს მოეხსნა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 50 წლამდე ქალბატონი განაგრძობს, რომლსაც „კოვიდ19-ი“ 30 მარტს დაუდასტურდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.