პოლონეთში შემზღუდავი ზომების ეტაპობრივი მოხსნა 19 აპრილიდან დაიწყება
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის თქმით, ქვეყანაში საკარანტინო ზომების ეტაპობრივი მოხსნა 19 აპრილიდან დაიწყება.
“19 აპრილიდან დავიწყებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. ჩემი აზრით, ეს კარგი ამბავია იმის გათვალისწინებით, თუ რა დაუჯდა ეკონომიკას ყველა ეს ღონისძიება. შემზღუდავი ზომები ეფექტური გამოდგა, ისინი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში ათობით ათასი ინფიცირებული გვეყოლებოდა”, – აღნიშნა მინისტრმა.
მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებიდან საწარმოების უმრავლესობის მუშაობის განახლების ნებართვა იგეგმება.
16 აპრილიდან ე.წ. ნიღბების რეჟიმი ამოქმედდება.
“პოლონეთში, ისევე როგორც დანარჩენ ქვეყნებში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსიმპტომოდ არიან ინფიცირებულები. ნიღბების ტარება დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს”, – აღნიშნა მან.
14 აპრილის მდგომარეობით, პოლონეთში 7 049 ინფიცირებულია, 251 ლეტალური შემთხვევაა, 618 პაციენტი განიკურნა.
ქვეყნის მთავრობამ 9 აპრილს შემზღუდავი ზომები 19 აპრილამდე გაახანგრძლივა.