რა ელის ლარს – ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების გაფრთხილებას ურჩევენ
„სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაცია გაგრძელდება და ლარი დაუბრუნდება წონასწორობის ნიშნულს“, – ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.
კვლევის ავტორების მოსაზრებით, ლარის მოკლევადიანი მერყეობის რეალური საფუძვლები არ არსებობდა, ამიტომაც მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად გონივრულ პოლიტიკას გაატარებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ – მთავრობაც, რომელიც დილემის წინაშე დგას – ერთი მხრივ, ფულადი რესურსი მიაწოდოს ეკონომიკას და, მეორე მხრივ, თავიდან აირიდოს ინფლაცია.
“ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულმა პანიკურმა განწყობილებებმა გავლენა იქონია ლარის კურსზეც. კურსის თანდათანობითი გაუფასურება დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ მარტის მეორე დეკადიდან დაიწყო. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, 13 მარტს განეხორციელებინა ინტერვენციები და 20 მილიონი დოლარი გაეყიდა. ამან მდგომარეობა ვერ გამოასწორა და ლარმა გაუფასურება განაგრძო. ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს ახალი ინტერვენციით უკვე 40 მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა მოკლე ვადიანი სტაბილიზაციის მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა და მხოლოდ 25 მარტის ინტერვენციის შედეგად, როცა კიდევ 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა, მოხერხდა კურსის სტაბილიზაცია. ვოლატილობის მთელი ეპიზოდის განმავლობაში დოლართან მიმართებით ლარმა 2.79-დან, დაახლოებით, 3.45-მდე აიწია. დღეისათვის სტაბილურობა მიღწეულია და ერთი დოლარის ფასი 3.17 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მომავალში სავალუტო ბაზარზე პანიკის ჩასაცხრობად რეზერვების ხარჯვა მისაღები პოლიტიკა ნამდვილად არ იქნება.