ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო 48 საათის განმავლობაში მკვეთრად გაუმჯობესებულია.

რატიანმა ჟურნალისტებთან კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.

“რეანიმაციაში გვყავს 5 პაციენტი, აქედან მძიმე იყო 42 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთანაც სახეზე იყო კოვიდ ინფიცირების შემთხვევა ქრონიკული პათოლოგიების გარეშე. გამოვლინდა ფილტვის მწვავე დაზიანების სურათი, პაციენტი იმყოფებოდა არაინვაზიური ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ბოლო 48 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან. მასთან ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით, გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევით, დაზიანების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადადის.

რაც შეეხება 4 პაციენტს, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება – ერთის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ველოდებით, რომ რამდენიმე საათში მართვითი სუნთქვიდან მოიხსნას. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურია.

რაც შეეხება 9 კვირის ორსულს – მისი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობაც და სტაბილურია. მოზარდების მდგომარეობას რაც შეეხება, სამია და მათთან კლინიკური ნიშნები ბოლო რამდენიმე დღეა არ ვლინდება. ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ კოვიდზე ტესტი ჩავუტაროთ და იმედია, რომ ესენიც გაეწერებიან კლინიკიდან.

იცით, რომ გვყავს რამდენიმე მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილია  სხვა კლინიკიდან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად გაუმჯობესებულია”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები