ჯო ბაიდენს ყოფილი თანამშრომელი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – პოლიტიკოსის შტაბში ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ
აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის ყოფილი თანამშრომელი პოლიტიკოსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, 30 წლის წინ მოხდა, – წერს Associated Press-ი.
აღინიშნება, რომ ბაიდენის საარჩევნო შტაბში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ტარა რიდი, რომელიც 1993 წლის შემოდგომას სენატში, ბაიდენის ოფისში მუშაობდა, იხსენებს, რომ პოლიტიკოსმა დაუკითხავად მისი კოცნა სცადა, ეხებოდა მას და ინტიმურ კავშირისკენ უბიძგებდა. ქალის თქმით, ეს ამბავი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სარდაფში ხდებოდა.
რიდი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, არის თუ არა ვინმე ძალადობის მოწმე, მაგრამ აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე ახსენა, რომელთა შორის იყვნენ ბაიდენის შტაბის ხელმძღვანლის ამჟამინდელი მოადგილე, დენის ტონერი და აპარატის ხელმძღვანელი – ტედ კაუფმანი.
ტარა რიდის ბრალდება ჯო ბაიდენის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, კეით ბედინგფილდმა უარყო – “ამგვარი განცხადებები დამოუკიდებელი პრესის მიერ კარგად უნდა იყოს გადამოწმებული. რაც არის ამ განცხადებაზე ცნობილი, არის ის, რომ ის სიცრუეა. მსგავსი არასდროს მომხდარა”.
Associated Press-ი ხუთ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც იმ დროს ბაიდენთან მუშაობდა – ყველა მათგანის თქმით, მსგავსი არაფერი გაუგიათ, ტონერმა და კაუფმანმა კი საერთოდ რიდი ვერ გაიხსენეს. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ბაიდენისთვის მსგავსი ქცევა “დამახასიათებელი” არ არის.
რიდმა 9 აპრილს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით განცხადება პოლიციაში შეიტანა, რომელშიც ბაიდენის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა, ქალის მტკიცებით, საუბარი სწორედ პოლიტიკოსზეა.