ირაკლი სესიაშვილი: უსაფრთხოების სექტორმა, სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინა

„ამ ვითარებში ჩვენმა უსაფრთხოების სექტორმა სახელმწიფოს, სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან მაღალი კოორდინაციის უნარ-ჩვევები გამოავლინა”, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მან კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის ჩართული უსაფრთხოების სექტორი ამ ვითარებაში და როგორ ახორციელებენ თავდაცვისა და საპოლიციო ძალები ჩვენი მოქალაქეების დაცვას.

„ორგანიზებულია, დაახლოებით, 79-მდე საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელთა ორგანიზება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჯამურად, ჩატარდა 770 ათასზე მეტი მოქალაქის თერმოსკრინინგი. ეს არის ის თერმოსკრინინგი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს. ასევე, დაახლოებით, 260 ათასზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია ჩატარდა. როგორც თავდაცვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებობს სიტუაციების გართულებასთან ერთად, შესაბამისი სამოქმედო გეგმები. ამასთან, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში იცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი დაცულობაც იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ 19 მარტს თავდაცვის ძალები მთლიანად ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა, რაც იყო სწორი გადაწყვეტილება.

„როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგები იმისთვის, რომ როგორც თავად იყვნენ დაცულები, ასევე, შეამოწმონ მოქალაქეები და დაიცვან მათი კანონიერი უფლებები. სწორედ აქ ჩანს ამ უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურის კოორდინებული მოქმედების ეფექტური შედეგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დღეს არის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვართ ჯარისკაცი ეპიდემიასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ზრუნავს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავძლიოთ ეს კრიზისი და დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას. ამიტომ დაიცავით უკლებლივ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები