მირიან ქათამაძე: ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ხვალიდან ე.წ. მობილური ბაზრები იმუშავებს. მობილური ბაზრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა საჭირო პროდუქტის შეძენას შეძლებს – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა.
მირიან ქათამაძის თქმით, მოძრავი ბაზრები ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გაკეთდება.
„კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთსა და მათ შორის ამ სოფლებშიც, ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც. ხვალიდან კი, მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი, ამოქმედდება მობილური ბაზრები. ჩვენ, ამას ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გავაკეთებთ. გამოიყოფა ტრანსპორტი და ასევე ყურადღება გამახვილდება, რომ პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.