ზურაბ ჯიბღაშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე: ღმერთს ახედეთ და ისე გაზომეთ, ეს კანონის დაცვაა თუ ღმერთის სახელის გამოყენებით კანონისთვის გვერდის ეფექტიანად ავლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მგონია, რომ უკვე ხელისუფლებაც სერიოზულად განიხილავს ეკლესიაში 21 საათამდე მისვლას და 6 საათამდე იქ გაჩერების საკითხს. თვითონ კითხულობენ, ეს წესის დარღვევა იქნებაო? ჟურნალისტებისგან უნდათ ლეგიტიმაცია, თუ რა არის, ვერ გავიგე. თუმცა, ჩემსას ვიტყვი. თან ბოლო პოსტია, ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ეკლესიის საკითხს რომ ვეხები, მეტს აღარაფერს ვიტყვი:
მოკლედ, ძალიან მოკლედ, არცერთი წესი  არსებობს მიზნის გარეშე. “კომენდატის საათის” ამოცანაა ის, რომ, მიზნიდან გამომდინარე, ადამიანები არ იყვნენ საზოგადო თავშეყრის ადგილებში. თავის მხრივ, ეს აკრძალვითი რეგულაცია ემსახურება რაღაცას – ზუსტად მიზანს, რაც იმ დროს არის დასაცავი – როგორც საერთო საზოგადოებრივი ინტერესი და ფასეულობა და ეხლა, ეს მიზანია ვირუსის გავრცლებისათვის ხელის შეშლა. სწორედ ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, ადამიანებს გვიწევს სახლში ყოფნა. გამონაკლისები ცხადია არის. ეს გამონაკლისები,  ჯამურად, მიმართულია ისევ იმ მიზნისკენ, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და, მეორე მხრივ, ნაკლები დანაკარგით მოხდეს იმ სიტუაციის შედეგების ლიკვიდაცია, რის გამოც არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ხოდა, ამ მიზანთან მიმართებით გაზომეთ “კომენდატის საათის” ასეთი ფორმით დაცვის საკითხიც. ღმერთს ახედეთ და ისე გაზომეთ, ეს კანონის დაცვაა თუ ღმერთის სახელის გამოყენებით კანონისთვის გვერდის ეფექტიანად ავლა? ღმერთსა და ქრისტეს არასოდეს უთაღლითიათ.
ხოდა, ამიტომ, ამ საკითხში მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და ეკლესიას (როგორც ინსტიტუციას და არა როგორც სამლოცველოს) ეკისრება და არა – მრევლს, რომელმაც თავის მოძღვარს უნდა უსმინოს თავისი რწმენიდან მომდინარე”, – წერს ზურაბ ჯიბღაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები